ღორის ხორცი კეტჩუპით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ავიღოთ 4-5 მწიფე პომიდორი, ერთი ბულგარული წიწაკა, მწვავე წიწაკა (გემოვნებით), 1-2 თავი ხახვი. პომიდორს დავასხათ ცხელი წყალი და მოვაცალოთ კანი, შემდეგ გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში როგორც პომიდორი, ასევე, ხახვი, ბულგარული წიწაკა და მწვავე წიწაკა.

მიღებული პიურე მოვათავსოთ ქვაბში და მოვხარშოთ. კეტჩუპის მომზადების დრო ცოტა ხანგრძლივია, ამიტომაც დავიწყეთ მისი პირველ რიგში მომზადება. სწარაფად რომ მომზადდეს, შეგვიძლია დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატ–პასტა.

ავიღოთ 800 გრამი ღორის რბილი ხორცი (ძალიან ცხიმიანი არა), დავჭრათ ნაწილებად, თითოულ მათგანს ჩავუჭრით ჯიბესავით, ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. თითოეულ „ჯიბეში“ ჩავდოთ ვაშლის ან კომშის რამდენიმე ნაჭერი. ხორცს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. მომზადებული ნაჭრები შეწვისას რომ არ გამოშრეს, არ დაკარგოს წვენი, ამიტომ ავიღოთ ბადე ქონი და შემოვახვიოთ თითოეულ ნაჭერს.

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსამდე და შევდგათ მომზადებული ხორცი. ახლა მივუბრუნდეთ კეტჩუპს, ცოტა რომ შესქელდება დავამატოთ მარილი, 1-2 სუფრის კოვზი შაქარი, ნახევარი ლმონის წვენი და 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ახლა შევიხედოთ ღუმელში, როგორც კი ბადე ქონი გადნება და ხორცი ოქროსფრად შეიბრაწება, უნდა ჩავთვალოთ, რომ კერძი მზადაა.