შემწვარი ქათმის ფილე კარტოფილით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

კარტოფილი – 6-8 ცალი;
ქათმის ფილე – 150-200 გრამი;
შამპინიონები – 100-150 გრამი;
ხახვი – 1-2 თავი;
ნაღების კარაქი – 30-40 გრამი;
მცენარეული ზეთი – შესაწვავად, მარილი, წიწაკა.
კვერცხის სოუსი მოსასხმელად კვერცხი – 2 ცალი, არაჟანი – 2 სუფრის კოვზი, რძე ან ნაღები – 1 ჭიქა, მარილი.

მომზადება: კარტოფილი გავრეცხოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ მრგვლად. ქათმის ფილე გავრეცხოთ და დავჭრათ მომცრო ნაჭრებად. ხახვი გავასუფთავოთ და დავჭრათ წვრილად. შამპინიონები გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. მწვანილი გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად.

ავიღოთ ცხიმწასმული საცხობი ფორმა და პირველ ფენად ჩავალაგოთ მრგვლად დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და დაჭრილი კამა. ქათმის ფილე შევბრაწოთ მცენარეულ ზეთში 3 წუთის განმავლობაში. შემწვარი ფილე მოვაწყოთ კარტოფილს, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და დაჭრილი კამა.

მცენარეულ ზეთზე მოვშუშოთ ხახვი და შამპინიონები, განუწყვეტლივ ვურიოთ – 3-4 წუთი. შამპინიონები და მოშუშული ხახვი დავაყაროთ შებრაწულ ქათმის ფილეს, დავაყაროთ მარილი, წიწაკა, დაჭრილი კამა.

მოვამზადოთ კვერცხის სოუსი: კვერცხი გავთქვიფოთ ჩანგლით, დავამატოთ არაჟანი და ავურიოთ, დავასხათ რძე (ან ნაღები), დავაყაროთ მარილი, ავთქვიფოთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამზადებული სოუსი მოვასხათ ფენებად ჩალაგებულ მასალას. ზემოდან დავადოთ ნაღების კარაქის ნაჭერი. გამოვაცხოთ 1800–ზე 40 წუთის განმავლობაში. მომზადებამდე 5 წუთით ადრე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ისევ შევდგათ აირღუმელში.

 

Share on Facebook
Facebook
Share this...