საცივი

ინდაური ან ქათამი – 1 ცალი (2.5 კილო);

ხახვი – 3-4 თავი;

ნიგოზი – 400 გრ;

ნიორი – 6-8 კბილი;

კვერცხი – 1 ცალი (სურვილისამებრ’);

ძმარი – 1 სადილის კოვზი (სიმაგრეს გააჩნია);

მარილი, წიწაკა – გემოვნებით;

საკმაზი – ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი – გემოვნებით (დამოკიდებულია მათ სიახლეზე და არომატულობაზე)

მიხაკის თესლი – 5 ცალი;

ინდაური ჯობია "დედალი" შეარჩიოთ, რადგან მამალს უფრო მაგარი და მუქი ხორცი აქვს. ინდაურის ნაცვლად შეიძლება ქათამი გამოიყენოთ; ასევე, შესაძლებელია ცალკე გულ-მკერდის ხორცი დაამატოთ;

ინვენტარი – დიდი ქვაბი, რამდენიმე ჯამი;

მომზადების დრო: 2-3 საათი; სასურველია მომზადდეს წინა დღით, რათა ხორცი და საკმაზი ერთ გემოზე "მოვიდეს".

მომზადების წესი

გარეცხეთ და გაასუფთავეთ ინდაური;

ინდაური ჩადევით ქვაბში, ჩაამატეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მიხაკის თესლი. დაასხით წყალი, ისე რომ დაფაროს, შედგით მოსახარშად, პერიოდულად მოხადეთ ქაფი;

მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ ინდაური, მოაყარეთ მარილი და დადგით გასაცივებლად. შემდეგ აქენით ნაჭრებად. (მე ძვლებს სულ ვაცლი და მხოლოდ რბილობს ვტოვებ);

დაჭერით ხახვი წვრილად ან დააბლენდერეთ, ჩაყარეთ ქვაბში, ამ ქვაბშივე ჩაასხით ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, ხშირად მოურიეთ, თუ საჭიროა, პერიოდულად ამატეთ ბულიონის წვენიც. დაახლოებით 1 საათია საჭირო, რომ ხახვი ჩარბილდეს და ერთიან მასად იქცეს;

გახეხეთ ნიგოზი წვრილად;

გაარჩიეთ და დანაყეთ ნიორი და წიწაკა (თუ უკვე დაფქული არ არის), მარილთან ერთად;

გადაიტანეთ ჯამში, აურიეთ სხვა სუნელები და გადაზილეთ;

ბულიონი დაახოებით 1.5 ლიტრის ოდენობით გაწურეთ და შედგით დაბალ ცეცხლზე, ჩაამატეთ ნიგოზი და სუნელები, პერიოდულად ურიეთ, საჭიროა გემოს გასინჯვაც, პერიოდულად, რათა რაც აკლია – მარილი, ხმელი ქინძი, ნიორი რომ შეამატოთ;

როცა ადუღებას დაიწყებს, შეურიეთ ძმართან ერთად კარგად გათქვეფილი კვერცხი, მუდმივად ურიეთ ამ დროს (კვერცხის დამატება არ არის აუცილებელი… თუმცა, თუ თხელი გამოგივიდათ წვენი, მაშინ შესქელებას შეუწყობს ხელს);

საბოლოოდ, კიდევ გასინჯეთ საცივის წვენი, თუ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე აქვს, მარილი ცოტა მეტიც უნდა ქონდეს, რადგან ხორცი შეიწოვს – მაშინ გადმოდგით ცეცხლიდან;

ხორცის ჩამატების ორი მეთდია – . ერთი წვენიან ქვაბში ჩაუშვათ ხორციც და კიდევ 10 წუთი იხარშოს და შემდეგ გამორთეთ ცეცხლი; ან 2. წინასწარ გამზადებულ ღრმა თეფშებში გაანაწილეთ ხორცი და ზემოდან დაასხით წვენი (ანუ, ხორცი წვენთან ერთად არ იხარშება);

სუფრასთან მიიტანეთ ლამაზი, ღრმა ჯამებით; მე სილამაზისთვის წითელ დაფქულ წიწაკას, ან ყვითელ ყვავილს ვაყრი; თუმცა, ტრადიციულად ნიგვზის ზეთი შეგიძლიათ მოაწუწუთ.

წყარო: http://www.useug.com/recepts.html#1