მაკარონი ხორცით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ავიღოთ 150 გრამიძროხის და 150 გრამი ღორის ხორცი, გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. შემდეგ მოვამზადოთ ბოსტნეული, რომელიც დაგვჭირდება: 2-3 მწიფე პომიდორი, 1 თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 1 ბულგარული წიწაკა. პომიდორს დავასხათ ცხელი წყალი და მოვაშოროთ კანი. ბოსტნეული: პომიდორი, ხახვი და ბულგარული წიწაკა დავაბლენდეროთ.

ტაფაზე დავასხათ მცენარული ზეთი, გავაცხელოთ ტაფა და ნიორის რამდენიმე კბილი მსუბუქად შევბრაწოთ და ამოვიღოთ ზეთიდან. შემდეგ ვიწყებთ ფარშის შეწვას, ფარშმა უნდა შეიცვალოს ფერი და გამოყოფილ წვენში ჩაიშუშოს. გატარებულ ხორცს დავამატოთ 100 გრამი წითელი ღვინო და განვაგრძოთ შუშვა.

10-15 წუთის შემდეგ ფარშს შეგვიძლია დავამატოთ ბოსტნეულის პიურე, შესასქელებლად უმჯობესია დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ტომატ–პასტა, ვშუშოთ კიდევ 15 წუთი, დავაყაროთ მარილი, წიწაკა, 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ფარში მზადდა.

ახლა ვიწყებთ მაკარონის მომზადებას: დიდი მოცულობის მარილიან წყალში მოვხარშოთ 200-300 გრამი მაკარონი, მოხარშვის შემდეგ დავყაროთ საცერზე და დავწუროთ, შემდეგ გადავიღოთ სასალათეში და მოვასხათ მომზადებული ფარში ბოსტნეულის პიურეთი. კარგად ავურიოთ და ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.