შემწვარი ქათამი ნიგვზის საწებლით (ბაჟა)

ქათამი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში. ვადუღოთ 5-10 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ ქვაბიდან და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. როცა კარგად შეიწვება, ცხელ-ცხელი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავალაგოთ საწებელში, რომელიც ასე მზადდება:

ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), მარილი, ნიგოზი, ნიორი, დავნაყოთ წმინდად. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად ხმელი სუნელი, წიწაკა, ქინძის თესლი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ და ვსრისოთ ხელით მანამდე, სანამ ნიგოზს ზეთს არ გამოვადენთ. გამოხდილი ზეთი ცალკე შევინახოთ. ნიგოზი გავხსნათ ბროწეულის წვენში (ან ცოტა ძმარში), დავამატოთ ანადუღარი ცივი წყალი ისე, რომ საშუალო სისქის საწებელი მივიღოთ.

ასეთი წესით მომზადებულ საწებელში ცავალაგოთ შემწვარი ქათამი, ზევიდან მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

მასალა:

ქათამი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ზაფრანა – 1 ჩაის კოვზი

სუნელი – 1 ჩაის კოვზი

ქინძი (ხმელი) – 1 ჩაის კოვზი

ნიორი – 1-2 კბილი

ბროწეულის წვენი – 0,5 ჩაის ჭიქა

ძმარი – 2 სუფრის კოვზი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...