მოხარშული ფაშვი ცხარე საწებლით

გასუფთავებული ფაშვი კარგად გავრეცხოთ ჩამდინარე წყალზე, მერე დავმდუღროთ, დანით გავფხიკოთ და თან გარსი მოვაცილოთ, მერე ხელახლა გავრეცხოთ ცივი წყლით. ასეთი წესით მომზადებული ფაშვი დიდ ოთხკუთხედ ნაჭრებად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი, დავუმატოთ ხახვი, დაფნის ფოთოლი, მარილი, ოხრახუში და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათი.

წიწაკა წინასწარ დავალბოთ მდუღარე წყალში, წყალი გადავწუროთ და წიწაკა მარილთან ერთად კარგად დავნაყოთ. დავუმატოთ ქინძი, ქონდარი, რეჰანი, კამა, წმინდად დანაყილი ნიორი. ყველაფერი ეს ავურიოთ ფაშვის ბულიონში.

მოხარშული ფაშვი ძალიან წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ შესაფერ ჭურჭელში. ზევიდან მოვასხათ მომზადებული საწებელი და სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ.

შეიძლება აღნიშნული კერძი ცივი სახითაც მივიტანოთ სუფრაზე. ამ შემთხვევაში საკაზმი უნდა ავურიოთ ფაშვში ბულიონის გარეშე.

მასალა:

ფაშვი – 1 კილოგრამი

ხახვი – 2-3 თავი

დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი

წიწაკა – 1-2 ცალი

მწვანილი, მარილი, ნიორი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...