ფიგურული ნამცხვრები (“ტარტალეტკები”)

მასალა: კვერცხი – 2 ცალი, შაქრის ფხვნილი – 0,5 ჩაის ჭიქა, კარაქი – 250 გრამი, არაჟანი – 2 სადილის კოვზი, სოდა – 1 ჩაის კოვზი, ძმარი – 1 სადილის კოვზი, ვანილი, მურაბა – გემოვნებით.

ცალკე მასალა ბეზესათვის და კრემისათვის.

2 კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით ნახევარ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან შევათქვიფოთ 250 გრამი დარბილებული კარაქი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, დავაყაროთ 2–2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.

ავიღოთ ალუმინის სპეციალური ფორმები, წავუსვათ რაიმე ცხიმი, ჩავდოთ ცომის პატარა გუნდები და ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ ცომი ჩავიდეს ფორმების ღარებში (ცომით ფორმა არ უნდა გავავსოთ, რადგან იგი ცხობაში იმატებს). როცა გამოცხვება, შევაგრილოთ, ამოვიღოთ ნამცხვრები, გავაცივოთ და მოვრთოთ ზემოდან. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ კარგად გათქვეფილი 2 კვერცხის ცილა, რომელსაც უნდა შევათქვიფოთ 3/4 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი. უნდა მივიღოთ ბეზეს სქელი მასა. ნამცხვარს შუაგულში ამოვჭრით (ამოვღრუტნოთ), ჩავდებთ რომელიმე კურკაგამოცლილ მურაბას (ალუბლის, ღოღნოშოს და სხვა), ან ხილფაფას. კრემის სპეციალური ფორმით დავასხათ ბეზე. მურაბის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ კრემი და ზემოდან ბეზე. შეიძლება ეს ნამცხვარი მოვრთოთ სხვადასხვა ფერის კრემით (ნამცხვრის ირგვლივ) შუაში კი ჩავდოთ რომელიმე მურაბა (თეთრი ბლის, გარგარის, ლეღვის და სხვა).

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

Share on Facebook
Facebook
Share this...